სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე რამდენიმე პირთან ერთად მოქმედებდა, რომელთა მიზანიც იყო, შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის დაეკავებინათ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძე რამდენიმე პირთან ერთად მოქმედებდა, რომელთა მიზანი იყო, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შორენა თეთრუაშვილი დაეკავებინათ.
როგორც სოსო გოგაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მამალაძის გარემოცვის მიზანი იყო, შორენა თეთრუაშვილი ციხეში პატრიარქის მკვლელის იარლიყით წასულიყო, ისინი კი გმირები გახდებოდნენ.
„ციანიდი, რომელიც მამალაძემ შეიძინა, თუ გაივლიდა საზღვარზე და ის ადამიანი თუ არ შეატყობინებდა პროკურატურას, ეს საქმე არ იქნებოდა აღძრული, ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის“ კლინიკაში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში კამერების თანდასწრებით, კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. ეტყოდნენ, რა მიგაქვს? ის ეტყოდა, საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები. ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ „ჰელიოსის“ დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელ შორენა თეთრუაშვილს. ის წავიდოდა ციხეში, პატრიარქის მკვლელის იარლიყით, ისინი გახდებოდნენ გმირები, რადგან პატრიარქი გადაარჩინეს, პატრიარქი დაიცვეს, მოაშორეს მტარვალი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები აქ“, – განაცხადა გოგაშვილმა.
მოგაშვილის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ამ ჯგუფს ადრეც ჰქონდა.
ამასთან, გოგაშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე უნდა იჯდეს ციხეში, რადგან ის არის კრიმინალი.
„შეთხზეს ვერსია, რათა გიორგი მამალაძე წარმოეჩინათ მსხვერპლად. წავიდა მამალაძის ვიქტიმიზაცია, თითქოს ის იყო საწყალი, ზიარება უნდოდა და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით, ის არ არის მორწმუნე, ის ათეისტია. მე არ ვიცი, გიორგი მამალაძემ სად იყიდა ციანიდი. ეს იყო ჩავარდნა გამოძიების, როდესაც არ მოხდა შესყიდვის მომენტის დაფიქსირება და როდესაც არ მოხდა ამოღების მომენტის დაფიქსირება. მე არ ვარ გამომძიებელი, არც საქმის გამოძიებაში ვყოფილვარ, ამიტომ გამოძიებას თუ დაფიქსირებული აქვს, მე არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ორი მომენტი მინუსია. გადაღების და ამოღების მომენტი რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, ამდენი რამ არ მოჰყვებოდა. ეს დაუდევრობით მოხდა, უცოდინრობით თუ შეგნებულად, არ ვიცი, მაგრამ ერთია, ამით საფუძველი მიეცა დაცვის მხარეს, რომ პროცესუალურ დარღვევებზე აეგო. ციანიდი ნამდვილად შეიძინა გიორგი მამალაძემ. მამამ გიორგი მამალაძე არის კრიმინალი“, – განაცხადა გოგაშვილმა.
სოსო გოგაშვილმა სოსო ოხანაშვილთან და მამალაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა, რომელიც ფინანსებს უკავშირდება.
„ერთხელ, ამათ სცადეს ბიუჯეტის თანხის მითვისებაც, როდესაც დაიწვა სამების ახალგაზრდული ცენტრი, დაიწვა თუ დაწვეს, ამაზე თავს ვერ დავდებ, ჩავთვალოთ დაიწვა, მაშინ დაცვის სამსახურმა, გიორგი მამალაძემ და კიდევ რამდენიმე არცთუ კარგი რეპუტაციის სასულიერო პირმა გააკეთეს კალკულაცია. ამ ადამიანებმა გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და 3 მილიონ 600 000 მოითხოვეს ბიუჯეტიდან ახალგაზრდული ცენტრის აღსადგენად. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, გამოვიკვლიეთ ეს საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოების კვლევა ჩავატარეთ დამოუკიდებლად ანტიკორუფციული სააგენტოს მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ იქ სადღაც მილიონ ლარამდეც არ იყო საჭირო იმ რეაბილიტაციისთვის, რაც იქ იყო გასაკეთებელი. ეს 3 მილიონ 600 ათასი მიდიოდა იმ კომპანიაში, რომელიც იყო მათი ახლობლის კომპანია, საიდანაც ერთ მილიონს დახარჯავდნენ და დანარჩენი 2 მილიონ 600 ათასი მათ დარჩებოდათ“, – განაცხადა გოგაშვილმა.