სოსო გიორგაძე - ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა 5-10 ნოემბრის კვირაში გამართულ თათბირზე გადაწყდა, პროკურატურაში წარვადგენ დოკუმენტს, რომ ამ პერიოდში ჯაკარტაში ვიმყოფებოდი
ვაპირებ პროკურატურაში დოკუმენტის წარდგენას, სადაც წერია, რომ 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ვიმყოფებოდი, სადაც შევხდი ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ინდონეზიის რეფორმების მინისტრს და ჯავას გუბერნატორის მოადგილეს, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.
როგორც სოსო გიორგაძემ განაცხადა, პროკურატურას წარუდგენს დოკუმენტებს, სადაც აღნიშნულია, რომ წალენჯიხასა და გარდაბანში არც ერთი დოკუმენტი არ დაბეჭდილა.
„ეკა გიგაურმა გააკეთა განცხადება, რომ 5-10 ნოემბრის კვირაში ჩატარდა თათბირი, რომელზეც გაუგონარი ამბავი დაიგეგმა. ვაპირებ, პროკურატურაში დოკუმენტის წარდგენას, სადაც წერია, რომ 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ვიმყოფებოდი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სადაც ვხვდებოდი ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ინდონეზიის რეფორმების მინისტრსა და ჯავას გუბერნატორის მოადგილეს. გარდა ამისა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ წალენჯიხისა და გარდაბნის ტერიტორიულ სამსახურებში პირველი ტურის შემდეგ დაიბეჭდა არაელექტორნული პირადობის მოწმობები, რითაც შემდგომ უნდა მომხდარიყო არჩევნების გაყალბება. მაქვს დოკუმენტები, რომლებსაც წარვუდგენ პროკურატურას, სადაც წერია, რომ პირველი ტურის შემდეგ წალენჯიხასა და გარდაბანში არც ერთი დოკუმენტი არ დაბეჭდილა”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.
მისივე თქმით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მაინცდამაინც პირველი ტურიდან მეორე ტურამდე პერიოდში იმყოფებოდნენ მივლინებაში და ეს იწვევდა ეჭვს.
„მინდა, პროკურატურას წარვუდგინო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ ამ პერიოდში არა მხოლოდ ორი და სამი თანამშრომელი, არამედ მივლინებაში იმყოფებოდა 148 თანამშრომელი. გარდა ამისა, მინდა წარვადგინო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ წინა წლის იგივე პერიოდშიც იყო მივლინებები და დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანები იმყოფებოდნენ მივლინებაში. მათ ასევე თქვეს, რომ საქმე ეხება არაბიომეტრული დოკუმენტების ბეჭდვასო. მინდა გითხრათ, რომ თუკი პირველი ტურისთვის ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არაბიომეტრილი დოკუმენტებით ხვდებოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო, 790 490, ხოლო მეორე ტურისთვის შემცირდა და არის 777 331 მოქალაქე. არა თუ მატება, არამედ კლებაა და ეს სიები გადაეცა ცესკო-ს. მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებმაც ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ გაუგონარი ბრალდებები წამოაყენეს და ვკითხო, ამ საბუთების შემდეგ გეყოფათ თუ არა გამბედაობა, თქვათ, რომ იცრუეთ. ჩემი, ჩემი თანამშრომლებისა და საზოგადოების სახელით მინდა გკითხოთ, რას ემსახურებოდა ეს სიყალბე, რა მიზანი ჰქონდა მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მეორე დღეს ყველაფერი გამოაშკარავდა”, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურას გადასცემს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, სად რა დოკუმენტი, როდის და რის საფუძველზე გაიცა.
„არაელექტორნული დოკუმენტები საქართველოს მასშტაბით რაიონებში მხოლოდ ერთეულები შეიძლება დაიბეჭდოს და ამას არ წყვეტს არც იუსტიციის სამინისტრო, არც იუსტიციის მინისტრი და არც მე. ასეთი დოკუმენტის დაბეჭდვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუ ადამიანი ავადმყოფობის გამო იმყოფება ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მისი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია ან ისეთ დროს, თუკი ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა რომელიმე რაიონთან მაგალითად ზვავსაშიშროების ან რაიმე განსაკუთრებული უბედური შემთხვევის დროს. არსებობს ე.წ მარტივი საბეჭდი აპარატები, სადაც შეიძლება დაიბეჭდოს მხოლოდ ასეთ დროს საბუთები. 12 ნოემბერს ცესკოს გადავეცით ამომრჩეველთა სია და ერთადერთი ვარიანტი, რაც შეიძლება წაიღოს ცესკო-მ დამატებით ეს არის გარდაცვლილი პირების შესახებ ინფორმაცია. სხვა სიას ცესკო, სავარაუდოდ, აღარ გაითხოვს“, – განაცხადა გიორგაძემ.