სოსო ფხაკაძე - შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი მთავრობასთან ერთად, ჩვენი მიზანია, სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე, არ არსებობს აჟიოტაჟის საფუძველი
ჩვენი ქვეყანა, იცით, იმპორტზეა დამოკიდებული, თუ თეორიულად რომელიმე ქვეყნიდან მოწოდების არხები ნებისმიერი მიზეზით გადაიკეტება, ხელისუფლება მზად არის, ერთობლივი ძალისხმევით, რაც არ უნდა დაჯდეს, ის ძირითადი პროდუქტები, რაც აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისა და ყოველდღიური საჭიროებისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, იყოს სუპერმარკეტების დახლებზე, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დირექტორმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრისა და სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი შეხვედრა იყო. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ სუპერმარკეტებში, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელებში. ესენი არიან მოლარეები, კონსულტანტები, საწყობის თანამშრომლები და ა.შ. ისინი მართლაც ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს ვუხდი პირადად და მთლიანად ასოციაციის სახელით ძალიან დიდ მადლობას, რომ ისინი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და იმ მთელი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რასაც ჰქვია კომპანიასა და თანამშრომლებთან ეფექტური და ეფექტიანი თანამშრომლობა, ამ ყველაფრის დაცვით აგრძელებენ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომას.
ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად ბიზნესის იმ სექტორმა, სადაც მოსახლეობას ჩვენ ყოველდღიურად ვეხმარებით და ვაწვდით განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სერვისებს, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გახდა მნიშვნელოვანი, ერთი წუთიც უკან არ დავიხიოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ.
თქვენ დღეს აქ ხედავთ ყველა ქსელს, თუ რამე ქსელია საქართველოში წამყვანი სუპერმარკეტების. ასევე, ფიზიკურად არ გვესწრება, მაგრამ პროცესში ინტეგრირებულია მთლიანად ჩვენი ერთ-ერთი წევრი, „კარფური“. უბრალოდ, მათ თავიანთი შინაგანაწესი აქვთ და მისი უცხოელი დირექტორი ფიზიკურად ვერ გამოცხადდა ჩვენთან. თუმცა, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი მთავრობასთან ერთად. ჩართულია ყველა ქსელი. ხვალიდან მათ დაემატება დისტრიბუტორები და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე. არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
რაც შეეხება ლოგისტიკურ ხაზებს, „ვისოლ ჯგუფის“ დირექტორის თქმით, დღესაც ბევრი კონტეინერი არის გზაში და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან და ან მალე მოუახლოვდებიან საქართველოს. მისი განცხადებით, წყვეტა აქაც არ არის.
სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი აქტიური როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„აჟიოტაჟური პანიკური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ადამიანები, ხშირ შემთხვევაში რაციონალურად არ მოქმედებენ და ეს არავის ბრალი არ არის აბსოლუტურად. ისინი მოქმედებენ იმ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია. ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, სწორი, სამართლიანი და ობიექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ პრობლემა არ დგას და ჯობია, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი, რომელიც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში, ალბათ 80, თუ კიდევ უფრო მეტი პროცენტით წარიმართა სუპერმარკეტებში, ასე არ მოხდეს და ადამიანებმა დაზოგონ თანხები სხვა საჭიროებებისთვის. და ეს საჭიროებები ქართულ საზოგადოებას, გარდა სურსათის შეძენისა, უდგას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძე.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.