სოსო ფხაკაძე - პრემიერმა გვითხრა, რომ თუნდაც 5 მლნ დოლარის შემოტანა თუ მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და ამას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება
სოსო ფხაკაძე - პრემიერმა გვითხრა, რომ თუნდაც 5 მლნ დოლარის შემოტანა თუ მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და ამას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება

რამდენიმე კარგი შემოთავაზება იყო, ერთ-ერთს აღვნიშნავდი, პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ თუნდაც 5 მლნ დოლარის შემოტანა თუ მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით, უფრო პატარა თანხაც რომ იყოს, ამისთვის მზად არის ხელისუფლება, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში, ამას თავად გადაწყვეტენ და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა და მათ ამ მიმართულებით გიორგი გახარიამ პირადად აღუთქვა დახმარება.

„თითოეულ კონკრეტულ „ქეისში“, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავაყენოთ საკითხები, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, პრემიერმა აღგვითქვა დახმარება, რომ ის პირადად ჩაერევა და ყველა ამ დაბრკოლებას აღმოფხვრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 2021 წელს თუ რამეა გასაკეთებელი, ერთ-ერთი პირველი არის უცხოური ნაკადების შემოტანა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ამ მხრივ ძალიან ღირებული იყო მისი განცხადება. სულ მცირე რომ იყოს ინვესტიცია, რომელიც შემოვა საქართველოში, თუ რაიმე ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას შევხვდებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მან აღგვითქვა ეს, მისი მხრიდან წამოვიდა, როგორი პატარაც არ უნდა იყოს თანხა, რომელიც ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში თითოეულ „ქეისს“ დეტალურად შეისწავლიან, რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება და ბარიერი ამ კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.