სოსო ფხაკაძე - მომზადებული გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივები, რომლებსაც პრემიერს გავაცნობთ, არსებობს მზაობა, რომ ბიზნესთან ჯანსაღი, პოზიტიური კომუნიკაცია იყოს
მომზადებული გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივები, რომლებსაც პრემიერს გავაცნობთ. არსებობს მზაობა, რომ ბიზნესთან ჯანსაღი, პოზიტიური კომუნიკაცია იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
სოსო ფხაკაძემ ასევე ჟურნალისტებთან ისაუბრა, რა საკითხებს ეხებოდა დღევანდელი კონფერენცია, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე, მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
„კონფერენცია ეხებოდა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე და იმ სიჯანსაღეზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში ამ კუთხით. ასევე, შევარჩიეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ექვსი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და თითოეულზე გვქონდა საკმაოდ სიღრმისეული, პროფესიონალური ანალიზი. გამოწვევებს რაც შეეხება, მთავრობას დავანახეთ, რა არის დღეს მთავარი გამოწვევა. ზოგადად, ექვსი გამოწვევა არსებობს ბოლო წლებში ბიზნესისთვის, მაგრამ აქედან ოთხს აქვს დაღმავალი ტრენდი და ჩვენ ამას აქტუალურად აღარ მივიჩნევთ. დღეს არის ორი გამოწვევა – სამუშაო ძალის ნაკლებობა და კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი. ამაზე უკვე 18 თვეა, ღიად ვსაუბრობთ, რამეთუ ბიზნეს ასოციაციის ინდექსი იწარმოება 2019 წლიდან. კვლევაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი კომპანიები და ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესის 75%-ს. ამ კვლევაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ კონკრეტულ ბიზნესგადაწყვეტილებას, ამიტომ ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ბიზნესისა და ეკონომიკის მაჯისცემას. ამიტომ ჩვენი ინდექსი პირდაპირ, ადეკვატურად და ზუსტად ასახავს ცვლილებას, რა ხდება ქვეყანაში. არავისთვის უცხო არ არის, რომ ორი პრობლემა – სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი არსებობს. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ამის გადაჭრა. პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან არაერთი საქმიანი შეხვედრა გვექნება. ეს პერმანენტული პროცესია. ასევე, დღეს პრემიერს ვუთხარით, რომ, სულ მცირე, ორი ძალიან საინტერესო ეკონომიკური ინიციატივა, ეკონომიკური რეფორმა გვაქვს ჩვენს პორტფელში მომზადებული. ამას პერმანენტულად აკეთებს ასოციაცია. ამ ინიციატივებსაც აუცილებლად გავაცნობთ ახალ პრემიერ-მინისტრს. არსებობს მზაობა იმისთვის, რომ ბიზნესთან ჯანსაღი, პოზიტიური კომუნიკაცია იყოს. დღევანდელი კონფერენცია ამის დასტურია“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები.