სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადებას ითხოვს
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი თხოვნა დავაყენეთ, ორივე ნაკარნახევია, ძირითადად, იქედან, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და ამიტომ ვითხოვთ შეღავათებს საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრს შორის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
„შეხვედრაზე ჩვენ დავაყენეთ ორი კონკრეტული საკითხი. დღევანდელ დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ნომერი პირველი არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა. ადამიანების ჯანმრთელობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის და მეორე – შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. აი, სწორედ მეორე თემატიკასთან დაკავშირებით პრემიერთან დავაყენეთ ორი კონკრეტული საკითხი – ამა წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ორ სექტორს შეეხო. ერთი იყო კონკრეტული საქმიანობების სახეები, რომლებიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით არის დადგენილი, კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, სხვადასხვა განთავსების საშუალებას, რესტორნებს, კაფეებს, ტურისტულ კომპანიებს და ტუროპერატორებს. კარგად იცით, რომ ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს. ამ ინდუსტრიას პირველი დეკემბრისთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევს, რომლის გადავადებაც განხორციელდა ოთხი თვის ვადით. ამან მოიცვა აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისის პერიოდი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს თვეს არ ჩავთვლით. მომავალ რამდენიმე თვეში, სულ მცირე, არ არის კარგი პროგნოზი ამ კუთხით და ვითხოვთ, ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, მეორე მოთხოვნა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესმენებმა დააყენეს, ეს შეეხებოდა საშემოსავლო გადასახადს.
„მეორე საკითხი უკავშირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც არის ქვაკუთხედი თითოეული ჩვენგანისთვის დღეს, ეს არის ის, რომ საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება და საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი იყო 1500 ლარამდე. აქ არის დაახლოებით 150 ლარის შეღავათი, თუმცაღა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ფოკუსირებული ვართ ადამიანებზე, რომლებსაც შედარებით დაბალი ხელფასი აქვთ და მთელ რიგ ინდუსტრიებში, ასეთი არის ათი ათასობით ადამიანი. ამ შეღავათის ვადა იწურება პირველი ნოემბრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ სულ მცირე კიდევ ექვსი თვით, ისე რომ ერთი სრული ფისკალური წელი მოიცვას, მოგვეცეს საშუალება, ეს გადასახადი არ გადავიხადოთ. ჩვენ პრემიერს ვუთხარით, რომ ბიზნესი ვართ მზად, რათა ამ დახმარების მიღების შემთხვევაში ყველას ვუთხრათ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ სამუშაო ადგილებს, რამეთუ უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო მეტი ტვირთი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვინდა, ის ტალანტი, ის პროფესიული კადრები დავკარგოთ, რომლებსაც წლების განმავლობაში ვზრდიდით. ეს არ არის საკითხი, რომელიც 2-3 დღეში და ერთ კვირაში გადაწყდება. გავხსენით მოლაპარაკებების ფანჯარა და ვფიქრობთ, რომ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ, ალბათ, შევჯერდებით ამ თემატიკასთან დაკავშირებით. ორივე ჩვენი თხოვნა ნაკარნახევია, ძირითადად, იქედან, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და ამიტომ ვითხოვთ შეღავათებს საშემოსავლო მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. ჩვენ არ ვიცავთ ამ შემთხვევაში კომპანიებს, ჩვენ უფრო მეტად ადამიანებს ვიცავთ, რომლებიც დასაქმებულები არიან კომპანიებში. დღეს აქ მსხვილი და საშუალო ბიზნესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო, ეს არის ჩვენი ერთსულოვანი მოთხოვნა, ის არ უკავშირდება რომელიმე სექტორს თუ კომპანიას. ეს მთლიანად ბიზნესის მოთხოვნაა“, – განაცხადა ფხაკაძემ.