სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებით, გრაირ ტოვმასიანს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.
„ტოვმასიანს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რამაც გაუფრთხილებლობით მძიმე შედეგები გამოიწვია“, – ნათქვამია სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჯერ უცნობია.
ტოვმასიანს ბრალი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში წაუყენეს. თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო.
სომხეთის ხელისუფლებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.