სომხური მედიის ცნობით, სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება
სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, სწავლება სახელწოდებით – EAGLE PARTNER 2024 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.
წვრთნების მიზანია სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.