სომხური მედიის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მიღებას უკრძალავს
სომხური მედიის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საავადმყოფოებს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მიღებას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი „168.ამ“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება რეანიმაციულ განყოფილებებში ვერ ხერხდება.
თუმცა, როგორც მედია წერს, ერევანსა და სომხეთის რამდენიმე რეგიონში სამედიცინო ცენტრების ნაწილი თითქმის ცარიელია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მათ არ აძლევს ნებართვას, ინფიცირებულები მიიღონ.
როგორც ერევნის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იუწყება, მარტიდან პირველ კლინიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილი იყო ადგილები, თუმცა სამინისტრო საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებას მოქმედების საშუალებას არ აძლევს.
სომხური მედიის ცნობით, ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონებში განლაგებული სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელი პირებიც. ჟურნალისტების ინფორმაციით, „სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა კოვიდინფიცირებულების მიღების ნებართვა მხოლოდ მეგობრებს და ახლობლებს მისცა“.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს არსენ ტოროსიანმა მოუწოდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებს, კოვიდინფიცირებულების მკურნალობისთვის ლიცენზიის ასაღებად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ, თუმცა, როგორც კერძო კლინიკების თანამშრომლები ამბობენ, სამინისტროს დიდი ხნის წინ მიმართეს და უარი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 13 ათასს აჭარბებს.