სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობის წინააღმდეგ მოქალაქეების აქციები გრძელდება
სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში ცალმხრივი დათმობის წინააღმდეგ მოქალაქეების აქციები გრძელდება.
როგორც news.am-ი იუწყება, დღეს დილიდან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ არმავირის ოლქის მცხოვრებლები. მათ გადაკეტეს ერევნისა და არმავირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. დემონსტრანტებს შეუერთდა რამდენიმე დეპუტატი, ბლოკ „სომხეთის“ წევრები. აქციის მონაწილეები ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს სამშობლოს მოღალატეს უწოდებდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის გახსნისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული ნაბიჯების გატარებით დაიმუქრნენ.
ცნობისთვის, სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.