სომხური მედია - ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას უშვებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას უშვებს, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ში გამოსვლისას განაცხადა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის კონსტიტუცია ხელს უშლის სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან მასში, თითქოს, არსებობს ჩანაწერი აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ამ დოკუმენტის სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
ფაშინიანის თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეთანხმება ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას, მაშინ მშვიდობის მისაღწევად საჭირო გახდება საკონსტიტუციო ცვლილებები.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესობა აქვთ შიდა კანონმდებლობაზე. შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ, ნებისმიერი კანონი, რომელიც შეიძლება განიმარტოს როგორც ტერიტორიული პრეტენზიების შემცველი, ავტომატურად დაკარგავს იურიდიულ ძალას.
ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციაში არის ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებისთვის ამას დაბრკოლებად არ მიიჩნევს.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტში არის ფორმულირება, რომელიც წყვეტს ამ პრობლემას: „არცერთ მხარეს არ შეუძლია მიუთითოს თავისი შიდა კანონმდებლობის დებულებებზე, როგორც გამართლებაზე ამ შეთანხმების შეუსრულებლობისთვის“.