სომხური და აზერბაიჯანული მედია ორი ქვეყნის სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ იუწყებიან
სომხური და აზერბაიჯანული მედია ორი ქვეყნის სამხედროებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ იუწყებიან.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ამასთან, ერევანში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი დროით 20:30 საათზე წინა ხაზზე ვითარება სტაბილურია.
სომხური მედია წერს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით 11 აპრილს, საღამოს გახსნეს ცეცხლი, როდესაც სომეხი სამხედრო მოსამსახურეები საინჟინრო სამუშაოებს ატარებდნენ სიუნიქის რაიონის დასახლება ტეღთან. ერევანში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ თავდაპირველად სომეხმა ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი ლაჩინის მიმართულებით, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანული მხარის საპასუხო რეაგირება.
აზერბაიჯანის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი ნახა. ბაქოში აცხადებენ, რომ ამჟამად ვითარება სტაბილურია.