სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
სომხეთის სამაშველო სამსახურის უფროსმა, კამო ცუცულიანმა განაცხადა, რომ ლორისა და ტავუშის თემებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
მისივე თქმით, რეგიონებიდან 400-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, მათმა უმრავლესობამ თავშესაფარი ნათესავებთან და მეგობრებთან იპოვა.
მაშველები აგრძელებენ საკვებისა და წყლის მიტანას სოფლებში, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა.
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ახალი წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.
სომხეთში წყალდიდობა გასულ კვირას, ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა გზები და ჩაინგრა ხიდები.