სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივეს. ამასთან, როგორც მთავრობაში განმარტავენ, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გაგრძელდება.
სომხეთის მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყნის ტერიტორიაზე 13 ივნისამდე დარჩება ძალაში.
„შეზღუდვების შემსუბუქება გაგრძელდება, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით ისევ შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობამ 4 მაისიდან შეამსუბუქა კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი შეზღუდვები. კერძოდ, მოიხსნა შეზღუდვა ადამიანების გადაადგილებაზე, აღდგა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობაც. ღია კაფეები და რესტორნები გაიხსნა.
სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ს 49 ადამიანი ემსხვერპლა.