სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს
სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ერევნის სასამართლომ წარუკიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
„აყვავებული სომხეთის“ ლიდერს ბრალად ედება დაჯგუფების ორგანიზება და მართვა, რომლის მიზანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკ „წარუკიანისთვის“ ხმების მოსყიდვა იყო.
მიმდინარე წლის 14 ივნისს სამართალდამცველებმა წარუკიანის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს და ეჭვმიტანილი დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვა გაგრძელდა 16 ივნისსაც. „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე ხელოვნურად იყო შექმნილი. 16 ივნისს სომხეთის პარლამენტმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა წარუკიანისთვის პარლამენტის იმუნიტეტის ჩამორთმევასადა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. 21 ივნისს სასამართლომ უარყო პროკურორის შუამდგომლობა გაგიკ წარუკიანის დაკავების თაობაზე.
გარდა ამისა, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა და სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა, რომელშიც წარუკიანი და მისი მომხრეები მონაწილეობდნენ.