სომხეთში ოპოზიცია სახელმწიფო შენობების ბლოკირებით იმუქრება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მიტინგზე მოძრაობა „6515“-ის ლიდერმა, კარინ ტონოიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ხვალიდან დაიწყებენ გაფიცვებს.
„მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს, ხვალ ნურავის ამუშავებთ, უთხარით ყველას, რომ მათ ხელფასი შეენახებათ. ახლა უნდა დავდგეთ ერთად სამშობლოს გადასარჩენად. ჩვენ კანონიერი გზით მოვალთ და დავიკავებთ ყველა სახელმწიფო შენობას“, – განაცხადა ტონოიანმა.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, ხვალ დილიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, რათა ოპოზიციამ დაიწყოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, პარლამენტის, პროკურატურის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება აზერბაიჯანის აგრესიაზე სათანადო პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.