სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა. როგორც Kavkaz Uzel-ი წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წიგნის სომხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია 7 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების თქმით, ის ტექნიკური მიზეზებით ვერ შედგა.
სომეხი უფლებადამცველების მტკიცებით კი ღონისძიება პოლიტიკური მოტივით ჩაიშალა.
7 თებერვალს დაანონსებული პრეზენტაცია ერევანში, ეგიშ ჩერენცას სახლ-მუზეუმში უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისი ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ამავე გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ღონისძიების ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაციას დასწრების მსურველებს პირად მიმოწერაში შეატყობინებენ.
უფლებადამცველი, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის წევრი არტურ საკუნცი Kavkaz Uzel-თან საუბარში ამტკიცებს, რომ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის ჩაშლა ცენზურას უკავშირდება, რადგან ღონისძიებამ შეიძლება რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს.
მიხეილ სააკაშვილის წიგნს „ძალის გამოღვიძება“ ჰქვია და ის 250-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოსცეს.