სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 32 ადამიანია ჰოსპიტალიზებული
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 32 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა.
„საერთაშორისო ორგანიზაცების კრიტერიუმების თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩვენთან დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, ჩვენ საავადმყოფოში მოვათავსეთ და მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს 32 ადამიანი. ესენი არიან ის პირები, რომლებსაც ურთერთობა ჰქონდათ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთან. ასევე ისინი, რომლებიც მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, კორონავირუსის სამკურნალოდ სახელმწიფომ ერევნიდან 50 კილომეტრში მდებარე სასტუმრო გამოყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება საქართველოსთან საზღვრის დაკეტვის საკითხი.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, დაავადებული 29 წლის მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ თეირანიდან დაბრუნდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.