სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე ათი დღით გახანგრძლივდება
სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე ათი დღით გახანგრძლივდება

სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე 10 დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ნიკოლ ფაშინიანის განაცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„თუ ჩვენ კონკრეტულ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ კორონავირუსი ჩვენამდე ძალიან სწრაფად მოვა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ბევრი დაავადდება, შესაძლოა ყველაც კი. ახლა საჭიროა ორი საკითხის გადაჭრა – პირველი უკავშირდება სიტუაციის მაქსიმალურად მართვას, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომაროებაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პარალიზებული იქნება და ჩვენ იძულებულები გავხდებით, რამდენიმე ქვეყნის მსგავსად საწოლები ქუჩაში დავდგათ, ხის ქვეშ“,- განაცხადა ფაშინიანმა.

31 მარტის მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 532-ია. ბოლო 24 საათში სომხეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.

ჰოსპიტალიზებულია 449 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 30 ინფიცირებული. ვირუსით დაიღუპა სამი პაციენტი.