სომხეთში იმედოვნებენ, რომ ლარსის ალტერნატივის ამოქმედების საკითხი შემოდგომისთვის გაირკვევა
სომხეთში იმედოვნებენ, რომ ლარსის ალტერნატივის ამოქმედების საკითხი შემოდგომისთვის გაირკვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა არსენ ხარატიანმა განუცხადა.
ხარატიანის თქმით, შესაძლო ალტერნატიული გზის თემაზე საუბარი საქართველოსთანაც და რუსეთთანაც მიმდინარეობს, შვეიცარიულ კომპანიასთან ტვირთების მონიტორინგზე გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ კი ამ კუთხით სიახლეს ელოდებიან.
“შემოდგომისთვის იქნება გასაგები, შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული გზის ამოქმედება. იცით, რომ ლარსში ძალიან სერიოზული საცობებია. ბოლო თვეებში მანქანებს ლოდინი საათობით უწევთ, 10 საათამდე. აუცილებელია რაიმე გადაწყვეტილების მოძებნა”, – აღნიშნა ხარატიანმა.
სომხეთის ვიცე-პრემიერის მგერ გრიგორიანის განცხადებით კი, ლარსის პრობლემა სომხეთის ექსპორტისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია.
“ლარსი – ეს პრობლემაა ექსპორტის მოცულობისთვის. მაგალითად, ლარსის პრობლემის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში გაიზრდებოდა”, – განაცხადა გრიგორიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, აუცილებელია ალტერნატიული შესაძლებლობების მოძებნა ან არსებულ მარშრუტზე ადმინისტრაციული ბარიერების დახვეწა.
რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტს რუსეთმა და საქართველომ მოაწერეს ხელი.