სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისის მონაცემებით, სომხეთში საერთო ჯამში 30 903 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ-19“-ს 11 ადამიანი ემსხვერპლა, სულ კი კორონავირუსული ინფექციით 546 ადამიანი დაიღუპა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 177-ს აღწევს. მსხვერპლის საერთო რიცხვი სომხეთში 723-ია.