სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აზერბაიჯანისთვის შეთავაზებული ექვსი პუნქტი გამოაქვეყნა
სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ედმონ მარუკიანმა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის შეთავაზებული ექვსი პუნქტი გამოაქვეყნა.
ამის შესახებ სომხური მედია ედმონ მარუკიანზე დაყრდნობით იტყობინება. განცხადება სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ადგილობრივ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე პასუხობს აზერბაიჯანული მხარის წერილს, რომელიც მათ 11 მარტს გადაეცათ.
რაც შეეხება მეორე პუნქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მარუკიანმა განაცხადა: „როგორც გახსოვთ, იქ აზერბაიჯანი ამბობს, თქვენ არ უნდა გქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ მიმართ. ჩვენ კი ვამბობთ, მომისმინე, ძმაო, შენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს და არ გვქონია. თავდაპირველად, სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს. მასში ნათქვამია, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს, დსთ-ის შექმნის შესახებ აზერბაიჯანთან ერთად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 1992 წლის 18 თებერვალს. ანუ, იმ დროს, როდესაც ხელი მოვაწერეთ, ამ სტრუქტურაში გაწევრიანებით ჩვენ ორმხრივად ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები“.
ედმონ მარუკიანის განცხადებით, მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები.
მარუკიანმა დაამატა, რომ მეოთხე პუნქტში სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებებში დაფიქსირებულ ვალდებულებებს.
„და რა არის ეს ვალდებულებები – სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა, რასაც აზერბაიჯანი აჭიანურებს“, – განაცხადა მარუკიანმა და დაამატა, რომ სომხური მხარე ამ პუნქტით განმარტავს, რომ იგი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ხოლო აზერბაიჯანი – არა.
მისივე ინფორმაციით, მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე.
„ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არსებობს თავიდანვე. ანუ, ერების თვითგამორკვევის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლებები აქ არის დაფიქსირებული“, – განმარტა მარუკიანმა.
მისივე თქმით, სომხური მხარე მეექვსე პუნქტის შესახებ იტყობინება, რომ შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის სომხეთმა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა.
მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე ხუთი ძირითადი პრინციპი წარადგინა. ესენია:
1. სახელმწიფოთა მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხელებლობისა და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება;
2. სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის ორმხრივი დადასტურება და მათ მიერ მომავალში ასეთი პრეტენზიების არწამოყენების სამართლებრივი ვალდებულების მიღება;
3. სახელმწიფოების მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოების მუქარისგან თავის შეკავება, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებით, აგრეთვე სხვა გარემოებებისგან, რომლებიც გაერო-ს წესდების მიზნებს არ შეესაბამება;
4. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება;
5. სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების გახსნა, სხვა შესაბამისი კომუნიკაციების დამყარება და თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში.