სომხეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა
სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, მჰერ მარგარიანმა განაცხადა.
„2023 წლის 15 ივნისიდან აუცილებელი საქონლის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტია. აზერბაიჯანმა მთლიანად დახურა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიზანმიმართულმა შეფერხებამ ხალხის საარსებო წყაროს უკიდურესი ზიანი მიაყენა. ძირითადი საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო 2 000-მდე ორსული ქალი, 30 000-მდე ბავშვი, 20 000 მოხუცებული და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იბრძვის არასრულფასოვანი კვების პირობებში გადარჩენისთვის“, – ნათქვამია წერილში.
ამასთან ერთად, წერილში აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დღეს სრული ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
„ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მათ შორის 4 687 დიაბეტით და 8 450 სისხლის მიმოქცევის დაავადებებით, თითქმის ყოველგვარი წამლის გარეშე დარჩნენ. ამ ვითარების შედეგად გაიზარდა სიკვდილიანობა მთელი რიგი დაავადებებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ავთვისებიანი ნეოპლაზმებით. გარდა ამისა, ცხელი ამინდის პირობებში სადეზინფექციო საშუალებებისა და მედიკამენტების ნაკლებობა რეგიონში ეპიდემიის რისკს ქმნის“, – ნათქვამია წერილში.
ამავდროულად, მარგარიანის თქმით, აზერბაიჯანის ეს ქმედებები არა მხოლოდ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა, არამედ პირდაპირ არღვევს გაერო-ს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით, ორივე მიმართულებით.
„არსებულ ვითარებაში სომხეთის მთავრობა ითხოვს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევას, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ომის დანაშაულების, ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის ჩათვლით“, – აღნიშნულია წერილში.