სომხეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
სომხეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოგრაბ მნაცაკანიანმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ნიკოს დენდიასის განცხადებით, საბერძნეთი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

„სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გამწვავებას დასაწყისიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ათენში. ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და ვგმობთ მისი დარღვევის შემთხვევებს“, –  განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით არის შესაძლებელი.

ნიკოს დენდიასის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის გადაწყვეტასაც ქვეყანა მშვიდობიანი გზებით ცდილობს.

„ორივე შემთხვევაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ განასხვაოს ისინი, ვინც რეგიონში დაძაბულობას აღვივებს და ისინი, ვინც კონსტრუქციულ მიდგომას ინარჩუნებენ. ასევე სრულიად ნათელია, რომ უნდა შეწყდეს გარე ჩარევები კონფლიქტში. ანკარას ჩარევა კიდევ ერთ კონფლიქტში შემაშფოთებელია“, – აღნიშნა დენდიასმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთი გმობს აზერბაიჯანის მიერ უსაფუძვლო ბრალდებებს საბერძნეთის მხრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევის თაობაზე.

„ვისაუბრეთ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში არსებულ სიტუაციაზე, ყველა დაძაბულობას და უკანონო ქმედებებს სირიაში, ერაყში, კვიპროსსა და ლიბანში. საერთო ნიშანი აქვს და ეს ნიშანი თურქეთია“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თურქეთი არა მისი სიტყვებით, არამედ ქმედებებით უნდა განსაჯოს.