სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრას.
„ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ ჭეშმარიტად ისტორიული შესაძლებლობა, უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა 30 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ. აშშ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, იქნება ეს პირდაპირი ხაზით ჩვენს მეგობრებთან, სამმხრივ ფორმატში, როგორიცაა ეს, თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტის დღევანდელი აქ ყოფნისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაძაბულია ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით. ერევანი ბაქოს დერეფნის ჩაკეტვასა და გადაადგილების შეზღუდვაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანი სომხეთის პოზიციას უარყოფს და აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს გასული წლის ოქტომბერში, ქალაქ სოჭში შეხვდნენ.