სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პერსპექტივები განიხილა
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ერევანში ვიზიტით მყოფ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, სამანტა პაუერთან პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ რეალიზაციის პერსპექტივები განიხილა.
როგორც სომხური მედია წერს, მხარეებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული სიტუაცია და ამ კონტექსტში საუბარი შეეხო სომხეთის მთავრობის მიერ ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებს.
გრიგორიანმა და პაუერმა ასევე ისაუბრეს სომხეთის მთავრობის პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ რეალიზაციის გზებზე.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების ფართო ქსელის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც დააკავშირებს სომხეთს, საქართველოს, ირანს, თურქეთს, აზერბაიჯანს და სხვა ქვეყნებს. აღნიშნული პროექტი ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წელს თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა.