სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - რუსეთი აიძულებს სომხეთს, გაუხსნას დერეფანი აზერბაიჯანს და შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი აიძულებს სომხეთს, გაუხსნას დერეფანი აზერბაიჯანს და შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს. ამის შესახებ განცხადება არმენ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის შეჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ე.წ. ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა, ჯდება რუსეთის მხრიდან სომხეთზე ზეწოლის ჩარჩოში. მისივე განაცხადებით, სწორედ ამაში მდგომარეობს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მიზეზი.
„სომხეთი აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას“, – აცხადებს გრიგორიანი.
წამყვანის კითხვაზე, ეს ყველაფერი დერეფნის გამო ხომ არ ხდება, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა: „მათ შორის ამის გამოც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ექსტერიტორიული დერეფნის გამო, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს“.
გრიგორიანმა ასევე პირველად დაადასტურა, რომ რუსეთი აიძულებს სომხეთს, შეურთდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომლის ფორმირებაც მიმდინარეობს და რომელშიც რუსეთი და ბელარუსი შედიან. მისივე თქმით, სომხეთი უარზეა და საპასუხოდ, სამხედრო ძალით ზეწოლას იღებს.