სომხეთის თავდაცვის უწყება - არც სომხეთის ტერიტორიიდან და არც სომხეთის არმიის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განჯასა და მინგეჩაურზე სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა.
შესაბამისი განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, შუშამ სტეპანიანმა სოციალურ ქსელის საშუალებით გააკეთა.
„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური უწყების საპასუხოდ აღვნიშნავთ, რომ არც სომხეთის ტერიტორიიდან და არც სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა”, – წერს სტეფანიანი.
მანამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიამ ქალაქ განჯაში ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. უწყების ცნობითვე, სარაკეტო იერიშის შედეგად არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.
ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთის არმიის მიერ ქალაქ მინგეჩაურის სარაკეტო დაბომბვის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.