სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ესკალაციის რისკი არსებობს და სომხეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქმე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებამდე არ მივიდეს
სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარქისიანი აცხადებს, რომ ესკალაციის რისკი არსებობს და სომხეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქმე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებამდე არ მივიდეს.
როგორც 11 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას არმან სარქისიანმა განაცხადა, თავდაცვის უწყება დგამს ნაბიჯებს, რათა თავიდან აიცილოს რეგიონში დესტაბილიზაცია და არ მოახდინოს რაიმე ნეგატიური გავლენა საერთო სიტუაციაზე. მისივე თქმით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე აქვს ინფორმაცია აზერბაიჯანის საჯარისო ნაწილების მობილიზაციის შესახებ.
„ზედმეტი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, თვალი მიადევნოთ ოფიციალურ ინფორმაციას, ჩვენ ყველაფერს ვაქვეყნებთ“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სომხეთს ასევე გადააქვს საარტილერიო დანადგარები.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ახდენს ძალების მობილიზაციას და ესკალაციის საფრთხე არსებობს.