სომხეთის საგარეო უწყება - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხი მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დღის წესრიგში არ შედის
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხი მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დღის წესრიგში არ შედის, – ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. აღნიშნული კომენტარი საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩის, ლეილა აბდულაევას განცხადებას მოჰყვა.
აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს პირველ ივნისს შეუძლიათ, კიშინიოვში ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაზე დისკუსიები გრძელდება.
„როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, სომხური მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას, როდესაც ძირითადი საკითხები მოგვარდება. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საკითხების განხილვა პირველ ივნისს კიშინიოვში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროს და შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდება. ამ შეთანხმების ხელმოწერა არ შედის კიშინიოვის შეხვედრის დღის წესრიგში“, – აღნიშნეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.