სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აზერბაიჯანს 9 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს და აგრესიულ ქმედებებში სდებს ბრალს, რასაც მათი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა.
„მიუღებლად მიგვაჩნია აზერბაიჯანული მხარის განცხადებები, რომლითაც ცდილობენ, ცალმხრივად შეცვალონ ლაჩინის დერეფნის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრულია სამმხრივი განცხადების მეექვსე პუნქტით და ვადასტურებთ, რომ ლაჩინის დერეფანში გამავალი მარშრუტი შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ დებულების შესაბამისად, განცხადების ხელმომწერთა მიერ დამტკიცებული გეგმით.
როგორც 9 ნოემბრის განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი, მხარეთა შეთანხმებით, (რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მომდევნო სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა, ლაჩინის დერეფნის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჯერ კიდევ არ არის სამმხრივ ფორმატში დამტკიცებული გეგმა და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ გაწიონ ძალისხმევა 9 ნოემბრის განცხადებაში დამტკიცებული პირობების შესასრულებლად, მათ შორის, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულების დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.