სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ
სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სომხეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაფიო შეფასება მისცეს აზერბაიჯანის პროვოკაციებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და შეიჭრნენ ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში.

სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ეს აგრესიული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო აგრძელებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების უხეშ დარღვევას, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს, მხარეები უნდა დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მკაფიოდ შეაფასოს აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედებები სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მიზნით, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებასა და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.