სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ბადალიანი წერს, ნოტა ბელარუსის საგარეო უწყების სპიკერის 13 ივნისის განცხადებას უკავშირდება, რომელსაც ერევანი თავის საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს.
„სურვილი, გყავდეს ისეთი მმართველები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, შეიძლება გაჟღერდეს ისეთი ადამიანის მხრიდან, რომელსაც ასეთი ლიდერი ჰყავს. ბელარუსის შემთხვევაში ეს ნამდვილი ფუფუნებაა“, – დაწერა ანი ბადალიანმა.
მინსკსა და ერევანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 12 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში არ ჩავა, ვიდრე მას ალექსანდრე ლუკაშენკო ხელმძღვანელობს.
საპასუხოდ მინსკმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია, ანალოგიური ნაბიჯი ერევანმაც გადადგა.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანატოლი გლაზმა კი სომხეთი გააკრიტიკა და თქვა, რომ ერევანმა „ბელარუსის საგარეო მტრად გამოყვანა, ეს შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა“.