სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციისთვის დიპლომატიური სამზადისის დაწყებაში ადანაშაულებს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციისთვის დიპლომატიური სამზადისის დაწყებაში ადანაშაულებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციისთვის დიპლომატიური სამზადისის დაწყებაში ადანაშაულებს.

„აზერბაიჯანში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების განცხადებები მიზნად ისახავს, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის და სომხეთის წინააღმდეგ აგრესიის პოლიტიკის განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოება თანამოპასუხედ აქციონ“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის განცხადებებს, რომ სომხეთმა ყარაბაღის ტერიტორიაზე რეჟიმი შექმნა.

„სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან მთიანი ყარაბაღის დახმარება ჰუმანიტარულ სახეს ატარებს, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისით. სომხეთი მიესალმება მთიან ყარაბაღში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას და იმედოვნებს, რომ ამას გრძელვადიანი და სტაბილური ხასიათი ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ყარაბაღის გარშემო შექმნილ სიტუაცასთან დაკავშირებით დაძაბულობის განმუხტვის გზად ბაქო-სტაპანაკერტის დიალოგს ხედავს და იმედოვნებს, რომ სომხეთის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონულ სტაბილურობაში, მიიღებენ დამატებით ზომებს ამგვარი დიალოგის საიმედო მექანიზმების შესაქმნელად.