სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შუშაში ვიზიტს გმობს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შუშაში ვიზიტს გმობს და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ პროვოკაციად აფასებს.
„მკაცრად ვგმობთ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივ ვიზიტს სომხეთის ისტორიულ და კულტურულ ცენტრ შუშაში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ პროვოკაციას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტს წინ უძღოდა იძულებით გადაადგილებული მკვიდრი სომეხი მოსახლეობის რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, მათ შორის წმინდა მაცხოვრის „ღაზანჩეწოცის“ საკათედრო ტაძრის შეურაცხყოფა ომის მიმდინარეობისას, თურქულ-აზერბაიჯანული ძალების მიერ და ასევე, „სომეხთა გენოციდის“ მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის სრული განადგურება. თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ასეთი ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შედეგების კონსოლიდაციას, მნიშვნელოვნად არღვევს რეგიონში სტაბილურობის დამყარების საერთაშორისო მცდელობებს და ეს სრულიად მიუღებელია.
მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების აღდგენა, რაც მოიცავს ამ ტერიტორიების დეოკუპაციას და დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებას, აუცილებელია სომეხი ხალხის წინააღმდეგ თურქულ-აზერბაიჯანული გენოციდური საფრთხის დასაძლევად. ეს პროვოკაციული ქმედებები აშკარად ცხადყოფს ოფიციალური ანკარისა და ბაქოს მხრიდან გაკეთებული განცხადებების ცრუ და შეცდომაში შემყვან ბუნებას, სომხეთთან და სომეხ ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი აგრესიის შედეგების აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების ფარგლებში, ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების ეგიდით“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.