სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი - აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად 36 სომეხი სამხედრო დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა
აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე 30-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე არტილერიით დაბომბვაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვების შედეგად ტავუშის რეგიონში დაზიანდა კონიაკის და ღვინის ქარხნები, საბავშვო ბაღი, წყალსადენი, გაზსადენი, ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.