სომხეთის რესპუბლიკა პალესტინის სახელმწიფოს ცნობს, – ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.
„სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დამიზნებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, დატყვევებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს მათი უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. უფრო მეტიც, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას და მომხრე ვართ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით მოგვარების. დარწმუნებულები ვართ, ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.