სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდებს, უმკაცრესი ზომები მიიღონ თავდასხმების წინააღმდეგ
სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდებს, მიიღონ უმკაცრესი ზომები თავდასხმების წინააღმდეგ, რაც სომხეთს საფრთხეს უქმნის. არმენ სარქისიანის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შექმნილ ვითარებაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების უპირობო პასუხისმგებლობა.
სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა თავიანთი ფუნქციების ფარგლებში უნდა იმოქმედონ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ.
„აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი სიუნიკსა და გეგარკუნიკში და უკვე რამდენიმე დღეა უკანონოდ იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. არსებული ვითარება და ჩვენი მოქმედების გზა და უკუკავშირი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის აღქმული და გასაგები უნდა იყოს. როგორც სახელმწიფოს და ერს, ერთი ეროვნული დღის წესრიგი უნდა გვქონდეს. სომხეთში, არცახში და დიასპორაში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმოქმედოს ამ ერთიანი დღის წესრიგის ფარგლებში“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.