სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ხვალ იწყება
30-31 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.
პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.
12:30 საათზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
19:15 საათზე, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.