სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევისთვის ემზადებიან. როგორც ერევნიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იტყობინება, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ჯერ არ გამოჩენილან. კენჭისყრა დახურული იქნება. დეპუტატები ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევენ და ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს.
საპრეზიდენტო კანდიდატი უკონკურენტოა. ის მმართველი პარტიის მიერაა წარდგენილი. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს, ისინი ვერც საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან ოპოზიციური ფრაქცია „წარუკიანი“ მხარს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს უჭერს.
რაც შეეხება, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ის არმენ სარგსიანია, ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი . არმენ სარგსიანს გუშინ პარლამენტში მოუსმინეს, სადაც მის მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. კანდიდატი ამბობს, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდება.
არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ცხრა აპრილს დაიწყებს. სწორედ 9 აპრილს ეწურება ვადა მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს.