სომხეთის პარლამენტმა „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა
სომხეთის პარლამენტმა „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა

სომხეთის პარლამენტმა „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე, პარლამენტმა ფარულად კენჭი უყარა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, გაგიკ წარუკიანისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ. კენჭისყრაზე წარუკიანისთვის თავისუფლების აღკვეთას მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი არ ყოფილა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნათელი სომხეთისა“ და „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატებს.

დეპუტატ გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ პროკურატურა სარჩელზე მუშაობს, რომელიც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამომრჩევლებისთვის ქრთამის მიცემას და ამომრჩეველთა მოსასყიდად ჯგუფების ორგანიზებას მოიცავს.

დღესვე, წარუკიანის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გაიმართა, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. პარტია „აყვავებულ სომხეთს“ 132 ადგილიან პარლამენტში 25 მანდატი აქვს.