სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სომხეთის გასვლა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამორიცხული არ არის
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არავინ გამორიცხავს, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილების მიიღოს.
ალენ სიმონიანს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომ სომხეთის ხალხის ინტერესებში არ არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვება. ალენ სიმონიანმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ არ სურს ზახაროვას განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, შემდეგ კი დაამატა:
„ვფიქრობ, სომხეთთან მუქარის ენით საუბარი ძალიან ცუდი ლოგიკაა. ანუ, მინდა გავიგო, ისინი სომხეთთან მუქარის ენაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ სომხებმა უნდა იფიქრონ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აზერბაიჯანლების მეშვეობით დაგვესხმებიან თავს? ჩვენ ეს, ასე თუ ისე, ვნახეთ. ჩვენ ვიყავით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, როდესაც ვიყავით სომხეთზე სხვა ქვეყნის მეშვეობით თავდასხმების მოწმენი. მაშინ მათ თავი ისე ეჭირათ, თითქოს არაფერი ხდებოდა“, – განაცხადა სიმონიანმა.
ამასთან ერთად, ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში ანტირუსული კამპანია არ ყოფილა.
„მინდა, კიდევ რაღაც ვიკითხო: თუ მე თავს დაგესხმებით, თქვენ კი წინააღმდეგობას გამიწევთ, ეს იქნება ანტიალენური კამპანია? ანუ, უნდა მოვდუნებულიყავით და სიამოვნება მიგვეღო?“ – განაცხადა სიმონიანმა.