სომხეთის პარლამენტის სპიკერი - სომხეთი უკმაყოფილოა აზერბაიჯანის აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით
სომხეთი უკმაყოფილოა აზერბაიჯანის აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს პარლამენტის სპიკერმა ალენ სომინიანმა განუცხადა.
„ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენთვის რთული იქნება ავუხსნათ ხალხს, რატომ არ მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია გათვალისწინებულ ზომებს. ბუნებრივია, ჩვენ გამოვიტანეთ, გამოგვაქვს და გამოვიტანთ დასკვნებს“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.
ამასთან, მისი თქმით, სომხური მხარე კვლავ ელოდება ორგანიზაციის მხრიდან შესაბამის რეაქციას.
სიმონიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს რუსეთთან აქვს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება და მისი თქმით, სომხური მხარე უფრო საგრძნობ მოქმედებებს ელოდება და არა მხოლოდ განცხადებებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე ვითარება 12 სექტემბერს გამწვავდა. შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სომხეთმა აზერბაიჯანი სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, აზერბაიჯანმა კი სომხეთს ფართომასშტაბიან სამხედრო პროვოკაციაში დასდო ბრალი. ერევანმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა, თუმცა სამხედრო დახმარებაზე უარი მიიღო. ორგანიზაციამ საზღვარზე მონიტორინგის მიზნით შტაბის ჯგუფი გაგზავნა.