სომხეთის პარლამენტის სპიკერი - ოპოზიცია და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის
სომხეთის ოპოზიცია და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთი და სომეხი ხალხი მოატყუა.
„ღირდა ამ ომის დაშვება? ნუთუ რუსეთი იმდენად სუსტი იყო 2020 წელს, რომ მათ საშუალება მისცა, შემოსულიყვნენ და ჩვენი შვილები დაეხოცათ? მართლა არ იყო კასპიის ზღვაში არცერთი გემი, რომელიც აზერბაიჯანს მიუახლოვდებოდა? რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ მთელი ომის განმავლობაში გულუბრყვილო ბავშვებივით გვქონდა იმედი, რომ რაღაცნაირად მაინც შევაჩერებდით. იყო ფასი, რომელიც სომხებს უნდა გადაეხადათ, რადგან სომხებმა აირჩიეს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზა და ამისთვის სომხები უნდა დაესაჯათ“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
ოპოზიციის ბრალდებაზე საუბრისას, რომ სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქეთი და აზერბაიჯანი უჭერენ მხარს, სიმონიანმა უპასუხა, რომ ამ ქვეყნების მხრიდან სომხეთის მთავრობა დარტყმებს იღებს და ოპოზიციის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
„თურქული მხარე ამბობდა, რომ საზღვარს ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გახსნიდა, მაგრამ დღეს ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვნად შენელდა. რა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა? ყველა მხრიდან დარტყმას ვიღებთ. დღეს ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა ყველა: ელიტა, ოლიგარქია, ეკლესია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუთიუნი“. მხოლოდ სომხეთის მოსახლეობა გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.