სომხეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე იმსჯელებს
სომხეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე იმსჯელებს

სომხეთის პარლამენტი დღეს სპეციალურ სხდომას გამართავს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე იმსჯელებენ.

სხდომის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები რესპუბლიკის მოედანზე აქციას გეგმავენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.

სომხური მედიის ცნობით, კანდიდატთა წარდგენის ვადა გუშინ, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ამოიწურა. კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დასახელების უფლება ოთხივე ფრაქციას ჰქონდა.

მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 58 მანდატი აქვს, ბლოკ „წარუკიანს“ 31 , ფრაქცია „ელქს“ – ცხრა , „დაშნაკცუთიუნს“ კი შვიდი. პრემიერ-მინისტრის ასარჩევად კი მინიმუმ 53 ხმაა საჭირო.

როგორც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, ის პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ პარლამენტის შენობაში და არა მიტინგებზე.