სომხეთის მთავრობა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე ათი მილიონი ხის დარგვას გეგმავს
სომხეთის მთავრობა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე ათი მილიონი ხის დარგვას გეგმავს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამ“ (panorama.am) წერს, შესაბამისი გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გლობალურ ფორუმ „ინტელექტის ცვლილების“ გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
„სომხეთის მთავრობამ ძალიან ამბიციური პროგრამა შეიმუშავა, რომელმაც თავის პიკს 2020 წლის 10 ოქტომბერს უნდა მიაღწიოს. მეათე თვის ათი რიცხვისთვის ჩვენ სომხეთის რესპუბლიკაში 10 მილიონი ხის დარგვას ვგეგმავთ, რაც სომხეთის სახელმწიფოებრიობისა და რესპუბლიკის გარშემო 10-მილიონიანი მოსახლეობის კონსოლიდაციის სიმბოლო იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა იქნება გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი.