სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატი გაგიკ მელკონიანი - არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე
ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე, – ამის შესახებ სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო თანხმობის“ დეპუტატმა, გაგიკ მელკონიანმა განაცხადა.
„თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა? ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ან არ ექნება, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვზრუნავთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა.
სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ვალერი ლობაჩმა ისაუბრა უკრაინის ომის შედეგების შესახებ სამხრეთ კავკასიისთვის.
„ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს. ფრჩხილების გახსნის გარეშე. რამდენიმე დღეში ნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ვალერი ლობაჩმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთში, შესაძლოა, მარტის დასაწყისში გაიმართოს.