სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირებული დაახლოებით 7000 პირი სახლში მკურნალობს
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ანაიტ ავანესიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 100 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ დღეს სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მაღალჩინოსნის თქმით, დაახლოებით 7000 კოვიდინფიცირებული მეთვალყურეობის ქვეშ სახლში იმყოფება. დანარჩენები კი, საავადმყოფოებში მკურნალობენ.
„დანარჩენი 1800 საავადმყოფოს პირობებში იმყოფება. მათგან 425 მძიმე შემთხვევაა, 100 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, 23 კი სუნთქვის ხელოვნურ აპარატზეა შეერთებული“, – განაცხადა ანაიტ ავანესიანმა მთავრობის სხდომაზე.
სომხეთის მთავრობამ დღეს საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, 13 ივლისამდე გაახანგრძლივა.
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 612 ახალი შემთხვევა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, კიდევ ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი „სხვა დაავადება“ გახდა.