სომხეთის განათლების მინისტრი ქართველ კოლეგასთან სომხური სკოლების თემის განხილვას გეგმავს
სომხეთის განათლების მინისტრი ქართველ კოლეგასთან სომხური სკოლების თემის განხილვას გეგმავს

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ არუთინიანი უახლოეს მომავალში ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა პირველ არხს განუცხადა. არუთინიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში მოქმედ სომხურ სკოლებში სომხური ენისა და ისტორიის სწავლებაზე.

„ პრობლემები არის სომხური ენის, ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. ასევე, გვაქვს პრობლემა ცალკეული მოვლენების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ძალიან რთულია  სომხური სახელმძღვანელოების მიწოდება, საქართველოს განათლების სამინისტრო ამას ზედმიწევნით აკონტროლებს. ყოფილ მინისტრთან გვქონდა გარკვეული შეთანხმებები ამ თემაზე . ალბათ, ახალ მინისტრთან ალბათ ახლიდან მოგვიწევს ამ საკითხების განხილვა”, – აღნიშნა მინისტრმა.

არუთინიანის ინფორმაციით, ხვალ სომხეთში საქართველოს ელჩს მიიღებს, სადაც მინისტრებს შორის შეხვედრის მომზადებაზე იქნება საუბარი.

სომხეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საქართველოში განათლების რეფორმის ცალკეული კომპონენტები მისთვის საინტერესოა, რაზეც წინა მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთანაც ჰქონდა საუბარი.