სომხეთის ეროვნულმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად არმენ სარგსიანის არჩევას მხარი დაუჭირა
სომხეთის ეროვნულმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად მმართველი პარტიის კანდიდატის არმენ სარგსიანის არჩევას მხარი დაუჭირა. სარგსიანს პარლამენტის 90-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 10 იყო.
ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. სულ კენჭისყრაში 101 კანონმდებელი მონაწილეობდა. არმენ სარგსიანის კანდიდატურის დასამტკიცებლად საკმარისი იყო 79 ხმა.
არმენ სარგსიანი ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩია. 1996-1997 წლებში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. არმენ სარგსიანს გუშინ პარლამენტში მოუსმინეს, მან სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც სარგსიანი ამბობს, ის კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს და ეცდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
არმენ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს. ისინი ვერც საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან ოპოზიციური ფრაქცია „წარუკიანი“ მხარს მმართველი პარტიის კანდიდატს უჭერდა.
ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი არა ხალხმა არამედ პარლამენტმა აირჩია.
არმენ სარგსიანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილს დაიწყებს. სწორედ 9 აპრილს ეწურება ვადა მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს.